English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘
პანდემოლოგიის, როგორც ინტერდისციპლინალური მეცნიერების დარგის ფორმირებისა და განვითარების შესახებ

ვუძღვნი ჩემი მასწავლებლის აკადემიკოს

პაატა გუგუშვილის ნათელ ხსოვნას

სტატიაში დასმულია საკითხი შესაბამის ცალკეულ მეცნიერულ დისციპლინებზე დაფუძნებული  მეცნიერების  ინტეგრალური უახლესი დარგის პანდემოლოგიის შექმნის თაობაზე.  მეცნიერების მიერ გასაცემია პასუხები  კითხვებზე: როგორ განვითარდება და დასრულდება კორონავირუსის პანდემია, იქნება თუ არა შემდეგი ტალღები და რამდენად უფრო საშიში შეიძლება იყოს ის წინა პანდემიებზე? რა უნდა იყოს მასთან ბრძოლის ახალი ფორმატი? რა რისკები და საფრთხეებია მოსალოდნელი მსოფლიოში და სხვ.

ავტორის აზრით, წინა და თვისებრივად ახალი პანდემიის კორონავირუსის (COVID-19) სპეციფიკურობის გათვალისწინებით, უნდა შეიქმნას მეცნიერების უახლესი ინტერდისციპლინალური დარგი პანდემოლოგია, შესაბამისი სპეციალური ქვედარგებით. საქმე ისაა, რომ მეცნიერების არსებული დარგის ეპიდემიოლოგიისგან განსხვავებით, პანდემოლოგიის კვლევის ობიექტი უფრო ფართოა და გამომდინარეობს პანდემიათა გლობალური  ხასიათიდან. ეპიდემიოლოგია მედიცინის სფეროს მიეკუთვნება და, მისგან განსხვავებით, პანდემოლოგიამ  უნდა შეისწავლოს არა მარტო სამედიცინო სფეროს, არამედ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური,  დემოგრაფიული, სოციოლოგიური, ფსიქოლოგიური და სხვა სახის ქცევევათა ცვლილებებით  გამოწვეული შედეგები, როგორც  გლობალური მასშტაბით, ასევე დიფერენცირებულად.

პანდემოლოგიის, როგორც მეცნიერული დისციპლინის ჩამოყალიბების აქტუალურობას აძლიერებს ისიც,  რომ არაა გამორიცხული ახალი სახის და სახელწოდების  პანდემიათა წარმოქმნა, ხოლო  პანდემოლოგიის კვლევებით დაგროვილი ცოდნით, ახლად წარმოქმნილ მასიურად გადამდებ ინფექციებს, უფრო მომზადებული შევხვდებით და როგორც დემოგრაფიული, ასევე სხვა  საზოგადოებრივი დანაკარგებიც ნაკლები იქნება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, პანდემოლოგია წარმოგვიდგება, როგორც მეცნიერების ცალკეულ დისციპლინათა (დარგთა) სისტემა, სადაც შემავალი მეცნიერული დისციპლინების (ქვედარგების) როლი ურთიერთგანსხვავებულია. ამიტომ, პანდემოლოგიის დარგის სისტემის წარმომქმნელი დარგების შესაბამისად, თითოეულს შეიძლება ვუწოდოთ  დარგის სახელი. მაგალითად, პანდემიის ეკონომიკა, პანდემიის სოციოლოგია (რომელიც უკვე არსებობს), პანდემიის დემოგრაფია, პანდემიის ფსიქოლოგია და ა.შ. ამასთან, რამდენადაც მისი კვლევის ობიექტი ცალკეულ პერიოდებში წარმოქმნილი ცალკეული პანდემიებია (როგორც ადრეული წლების, ასევე არსებულის და მომავლის), მათი, როგორც მოვლენის და პროცესების  უფრო ღრმად, ფუნდამენტურად და ყოველმხრივ შესწავლის მიზნით, თითოეულს  მივაკუთვნოთ მოცემულ პერიოდში არსებული პანდემიის  სახელწოდება, მაგალითად, კორონავირუსისის პირობებში – კორონაეკონომიკა, კორონადემოგრაფია, კორონასოციოლოგია, კორონაფსიქოლოგია და ა.შ.

ჩვენ შეგვიძლია პანდემოლოგიის, როგორც მეცნიერული დარგის და მასში შემავალი მეცნიერული დისციპლინების არსებობის უფლების დასაბუთება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ  საბოლოო არგუმენტაცია თითეულ დარგში მოღვაწე მეცნიერების და სპეციალისტების საქმეა. ჩვენ მხრივ გვჯერა, რომ პანდემოლოგიის, როგორც მეცნიერების უახლესი დარგის აღიარება, დროის საკითხია.

საკვანძო სიტყვები: პანდემია, ვირუსი, СOVID-19, გლობალიზაცია, ეპიდემიოლოგია, პანდემოლოგიის  დისციპლინები.  

JEL Codes: F02, I10, I18, I19